როგორ შევარჩიოთ ფოტოები ფოტოწიგნისთვის
ტელეფონში ათასობით ფოტოა, წიგნში კი 100–160 ეტევა. შერჩევა ყველაზე რთული ნაწილია — და ყველაზე მნიშვნელოვანიც. აი, როგორ გააკეთო ეს ერთ საღამოში.
რამდენი ფოტო გჭირდება
დაიწყე ციფრით, რომ იცოდე, რამდენი უნდა დატოვო. 60-გვერდიან ფოტოწიგნში დაახლოებით 105 ფოტო ეტევა, 90-გვერდიანში — 160. ეს საშუალო რიცხვია: ზოგ გვერდზე ერთი დიდი კადრი იქნება, ზოგზე — კოლაჟი ოთხი ფოტოთი.
სამუშაო წესი ასეთია: გვერდზე საშუალოდ 1,5–2 ფოტო. თუ 300 ფოტო გაქვს შერჩეული, ან 90-გვერდიანი წიგნი აირჩიე, ან სია კიდევ ერთხელ გადახედე.
დაიწყე ამბით, არა ფოტოებით
სანამ გალერეას გახსნი, ერთ წინადადებაში ჩაწერე, რაზეა წიგნი: „ჩვენი პირველი მოგზაურობა პორტუგალიაში“, „ლუკას პირველი წელი“ ან „ბებოს 80 წელი“. ეს წინადადება გადაწყვეტს, რომელი კადრი ჯდება და რომელი — არა.
შემდეგ დაყავი ამბავი 3–6 ნაწილად. მოგზაურობაში ეს ქალაქები ან დღეებია, ქორწილში — მზადება, ჯვრისწერა, სუფრა, ბავშვის წიგნში — თვეები. ყოველ ნაწილს თავის გვერდი ექნება, ფოტოებიც მის მიხედვით დალაგდება.
შეარჩიე სამ ეტაპად
1. სწრაფი გადახედვა
გადაათვალიერე ყველა ფოტო და მონიშნე ის, რაც პირველივე წამში მოგეწონა. ნუ ფიქრობ — ეს ეტაპი 20–30 წუთს უნდა გაგრძელდეს.
2. დუბლიკატების მოშორება
ერთი და იგივე კადრის ხუთი ვერსიიდან დატოვე ერთი — ის, სადაც თვალები ღიაა, ღიმილი ბუნებრივია და ფოტო მკვეთრია. ჯგუფურ ფოტოებში შეამოწმე, ყველა ჩანს თუ არა.
3. ბალანსი
გადახედე შერჩეულს მთლიანად: ყველა ნაწილს აქვს საკმარისი ფოტო? არის თუ არა ადამიანები, ადგილები და დეტალები? თუ ერთი დღიდან 40 ფოტოა, მეორიდან კი 3, თანაბრად გადაანაწილე.
რომელი ფოტოები დატოვო
კარგი ფოტოწიგნი მხოლოდ „საუკეთესო კადრებით“ არ შედგება. ამბავს ქმნის ნარევი:
- ადამიანები — სახეები, ემოციები, ერთად გადაღებული კადრები.
- ადგილები — ფართო ხედები, რომლებიც დიდ, მთელ გვერდზე კარგად გამოიყურება.
- დეტალები — ბილეთი, თეფში, ხელები, ბეჭედი. ისინი კოლაჟში ამბავს ავსებს.
- „შუალედური“ კადრები — გზაში, მოლოდინში, სიცილის წამი. ხშირად სწორედ ეს ფოტოები გვიყვარს ყველაზე მეტად წლების შემდეგ.
შეამოწმე ხარისხი
ტელეფონის კამერით გადაღებული ფოტოები ზოგადად კარგად იბეჭდება, მათ შორის A4 გვერდზეც. პრობლემა სხვა წყაროებიდან მიღებულ ფოტოებს აქვს:
- მესენჯერიდან ჩამოტვირთული ფოტოები (WhatsApp, Messenger, Viber) ხშირად შეკუმშულია. თუ შეგიძლია, ორიგინალი სთხოვე ავტორს.
- სქრინშოტები დაბალი გარჩევადობისაა — დიდ გვერდზე არ ჩასვა.
- ძალიან ბნელი და ბუნდოვანი კადრები დაბეჭდილზე ეკრანზე უარესად ჩანს.
- ძალიან მოჭრილი ფოტო ხარისხს კარგავს — დიდ ადგილზე მთლიანი კადრი ჩასვი.
დაალაგე და დაასათაურე
უმარტივესი რიგი — ქრონოლოგიური. Amore-ს რედაქტორში ავტომატური შევსება ფოტოებს გადაღების თარიღის მიხედვით ანაწილებს, შემდეგ კი ნებისმიერ გვერდს ხელით შეცვლი.
ყოველ ნაწილს მიეცი მოკლე სათაური და, სურვილისამებრ, ერთი წინადადება. „სინტრა, წვიმიანი დილა“ საკმარისია, რომ ათი წლის შემდეგაც გაიხსენო, რა ხდებოდა კადრის მიღმა.
სწრაფი სია ბეჭდვამდე
- ფოტოების რაოდენობა შეესაბამება გვერდებს (60 → ≈105, 90 → ≈160)
- დუბლიკატები მოშორებულია
- ყველა ნაწილს აქვს ფოტოები
- დიდ გვერდებზე მხოლოდ მკვეთრი ფოტოებია
- სათაურები და თარიღები სწორად წერია
- ყდის ფოტო და სათაური არჩეულია
ხშირი კითხვები
რამდენი ფოტო ეტევა 60-გვერდიან ფოტოწიგნში?
დაახლოებით 105, 90-გვერდიანში — 160. კოლაჟის გვერდებით მეტიც.
შეიძლება ტელეფონით გადაღებული ფოტოების დაბეჭდვა?
კი. ტელეფონის კამერის ორიგინალი ფოტოები A4 ფორმატზე კარგად იბეჭდება. ერიდე მესენჯერებით გაგზავნილ შეკუმშულ ფოტოებსა და სქრინშოტებს.
რა მოხდება, თუ ფოტოს ხარისხი დაბალია?
რედაქტორი ბეჭდვამდე გაგაფრთხილებს. ასეთი ფოტო პატარა ადგილზე გადაიტანე ან სხვა კადრით შეცვალე.





















